აკაკი წერეთელი
პოემა

მომაკვდავის ჩვენება

- „ვფიცავ ჯოჯოხეთს!“ - სთქვა აღტაცებით და მედიდურად გადიხარხარა!.. შეკრთა მფარველი ანგელოსიცა, მწუხარე სახე დაბლა დახარა!.. იუდას ტყავზე კაენის სისხლით დაიწყო მტერმა პირობის წერა, მაგრამ მარტო მის დანაპირებით რომ ჩემი გული ვერ შეაჯერა, თამამად მითხრა: „მეტი, რაც გინდა, შენვე მომთხოვე და აგისრულებ! მე ჩემი სიტყვის გამტეხი არ ვარ!.. არც გავწბილდები! არც გაგაწბილებ!“ - „მართლა? მაშ კარგი! მიუმატე ეს: რომ აწ საერთოდ ქართველი ერი ამაღლებული... აყვავებული... ხანგრძლივი იყოს და ბედნიერი!“ - „აჰა, ჩავწერე!.. სხვა რამეც კიდევ ჩამაწერინო გინდა თუ არა? - „რასაკვირველია, ერთიც რამ კიდევ და მეტს არას გთხოვ... გათავდეს! კმარა!“ - „სთქვი მალე ეგეც და გავათავოთ! რა სურვილია ეგ კიდევ ერთი?“ - „რომ საქართველომ ქვესკნელი დაჰგმოს, მოიახლოვოს ზედა და ღმერთი, „რომ ქართველობამ მტკიცედ დაიპყრას ქრისტეს მოძღვრება და წმინდა რჯული, და მაშინ, დიახ, შენი იქნება სამარადისოდ ეს ჩემი სული!..“ შეკრთა ეშმაკი ამის გამგონე! არ მოელოდა ამგვარ პირობას!.. ფრთა შეეკვეცა იმის წამიერ ამპარტავნება-მედიდურობას. გაქვავდა თითქოს, მაგრამ კანკალი დაუწყო მხოლოდ გულმა და ხელმა. სთქვა გუნებაში: „ვაი, სირცხვილო, რომ მომატყუა ამ იმერელმა: „სულ ცოტა რომ ვთქვათ, დღეს ქართველების მე ორი წილი ხომ კი მერგება, და ამ ერთ სულში რომ ის გავყიდო, რა ჭკუა არის? და რა მოგება?“ გასტეხა სიტყვა, გაუჩინარდა, ჩაძვრა ქვესკნელში სირცხვილეული, და მაშინ მხოლოდ ანგელოსიცა ცაში აფრინდა გახარებული. მე გონს მოვედი, მიმოვიხედე, და იმავე წამს თვალი მოვკარი, რომ მარცხნივ მიდგა დიდი მკურნალი და მარჯვნით ახლოს ჩემი მოძღვარი
წყარო: https://poetry.ge/poets/akaki-tsereteli/poems/zxozc-momakvdavis-chveneba-sikvdil-sicocxlis-shua-mdebares

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    მომაკვდავის ჩვენება | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში