აკაკი წერეთელი
პოემა

ახალი სიმღერა

პატარა ბიჭი ვიყავი, პატარა ბიჭუკელაო; “დაურჩი დედას, კარგი ხარ!” შემომნატროდა ყველაო. პატარა გოგო მიყვარდა, პატარა გოგუცანაო; ცაში ვარსკვლავიც არ ბრწყინავს ლამაზი იმისთანაო. თავი მოგვწონდა ორივეს, გულს კარი ჰქონდა ღიაო; შიგ ჭიკჭიკობდა ბულბული, ვარდი ჰყვაოდა, იაო. გვეგონა, დაბლა ქვეყანა მაღლა ცით დათაფლულაო, შიგ სიყვარული ნათესი ჩვენს კარზე ამოსულაო! თავზე დავიდგით გვირგვინი, მივდექით საყდრის კარსაო; მამასახლისმა დაგვჩხავლა: - “მღვდელო, რად სწერდი ჯვარსაო! ნეფეს სალდათად იწვევენ, უნდა მოხადონ ვალიო; სამ წლამდის ქვრივად დარჩება ხემწიფის პატარძალიო”. ავტირდი პატარა ბიჭი, პატარა ბიჭუკელაო; “ვაი შენს დედას, საბრალოვ!” შემომტიროდა ყველაო. პატარა გოგოც ატირდა, პატარა გოგუცანაო, მაგრამ ჩემ დაბრუნებამდე სხვა ნახა ჩემისთანაო.
წყარო: https://poetry.ge/poets/akaki-tsereteli/poems/4491.akhali-simghera.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ახალი სიმღერა | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში