აკაკი წერეთელი
ბიოგრაფია

აკაკი წერეთელი ბიოგრაფია

აკაკი წერეთელი დაიბადა 1840 წლის 9 (21) ივნისს ზემო იმერეთის შეძლებული თავადის როსტომ წერეთლის ოჯახში. დედის მხრიდან აკაკი წერეთელი იყო იმერეთის მეფის პირდაპირი შთამომავალი. იმერეთის მეფე სოლომონ I-ის შვილიშვილის შვილი იყო აკაკის დედა - ეკატერინე აბაშიძე. ეკატერინეს ბაბუა ქაიხოსრო აბაშიძე იყო 1810 წლის იმერეთის აჯანყების ერთ-ერთი ლიდერი, ხოლო ეკატერინეს მამა ივანე აბაშიძე იყო 1819-1820 წლების იმერეთის აჯანყების ერთ-ერთი ლიდერი. ამ აჯანყებების გამო ეკატერინეს ოჯახს რუსეთის იმპერიის ხელისუფლება დევნიდა. 12 წლიდან ეკატერინე მამია V გურიელის კარზე იზრდებოდა, 20 წლისა კი როსტომ წერეთელს მიათხოვეს. ოჯახის წარსულიდან გამომდინარე აკაკი წერეთელმა ბავშვობა რუსეთისადმი მტრულად განწყობილ გარემოში გაატარა. ამ დროს ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო ბავშვის გაძიძების ძველი ქართული ტრადიცია. აკაკი სოფელ სავანეში, გლეხების, ფარსადან ყანჩაველის და მანო სადუნიშვილის ოჯახში გაგზავნეს აღსაზრდელად. გლეხების ოჯახში აღზრდის დროს აკაკი ახლოს გაეცნო ხალხურ ფოლკლორს, რამაც მოგვიანებით გავლენა მოახდინა მის პოეზიაზე. მოგვიანებით ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში „ჩემი თავგადასავალი“, აკაკი დიდი პატივისცემით იხსენიებდა ძიძობის ინსტიტუტს. ოჯახი აკაკი წერეთელი დაოჯახებას არ აპირებდა, მაგრამ 1864 წელს მოსკოვში ყოფნის დროს მოულოდნელად და დაუფიქრებლად ცოლად მოიყვანა ნატალია ბაზილევსკაია. მასთან ჰყავდა შვილი ალექსი. აკაკის ოჯახი იშვიათად ჩადიოდა საქართველოში, შვილს ქართული ენაც არ უსწავლია, ის საბალეტო თეატრის ანტერპრენორი გახდა და ბევრს მოგზაურობდა. მეუღლე აკაკის ხშირად სთხოვდა ფულს და აკაკიც ვალებს იღებდა და უგზავნიდა მას ფულს სხვადასხვა ქალაქებში. 1909 წელს პარიზში სამკურნალოდ მყოფ აკაკის ოჯახის წევრები არ დაეხმარნენ. შემოქმედება აკაკი წერეთლის შემოქმედებაზე, განსხვავებით სხვა თერგდალეულებისაგან, გავლენა არ მოუხდენია რუსულ რევოლუციურ და ლიბერალურ ლიტერატურას. ის შთაგონებას ეძებდა ხალხურ შემოქმედებაში, საქართველოს ისტორიაში, ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ნაციონალურ მისწრაფებებში. მან ილია ჭავჭავაძესთან ერთად მოახდინა ქართული ენის რეფორმა და დაუახლოვა ის ხალხურ მეტყველებას. მის ხელში ქართულმა ლექსმა მოიპოვა მოქნილობა და მუსიკალობა, რაც არ ჰქონია დავით გურამიშვილისა და ბესარიონ გაბაშვილის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ აკაკის ლექსებს არ აქვს ნიკოლოზ ბარათაშვილის ფილოსოფიური სიღრმე და ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტურობა და რეალიზმი. ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859 წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― „საიდუმლო ბარათი“, რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა. ლექსში „ჩემი ჭმუნვა“ უპირისპირდებოდა მარქსიზმს. ლექსში „ძმობა, ერთობა და სიყვარული“ მხარს უჭერდა ხალხთა მეგობრობას. ლექსებში „იმერული ნანინა“, „მუშური“, „სიმღერა მკის დროს“ ჩანს აკაკის სიყვარული რიგითი ქართველი მშრომელი გლეხისა და თუ მუშის მიმართ, მათი ადამიანური ღირსების და სიამაყის გრძნობა. ფოლკლორის გავლენა აშკარად ჩანს ლექსებში „ალვისხე აყვავებულა“, „მინდვრად ეგდო თეთრი ქვა“, „ჩემო ლამაზო ბეკეკა“, „ურიული ტირილი“ და სხვა. არაერთი რომანტიკული და სატრფიალო ლექსი აქვს მიძღვნილი ქალებისთვის. 1881 წელს ლექსით „გაზაფხული“ გამოეხმაურა ალექსანდრე II-ის მკვლელობას. 1905 წელს აღტაცებით შეხვდა რუსეთის რევოლუციას, რომელსაც მიუძღვნა ლექსები „თქვენი ჭირიმე“ და „ნატვრა“. 1905 წელს გამოაქვეყნა „ხანჯალი“, რომელიც 20 წლით ადრე ჰქონდა დაწერილი და რომელიც რევოლუციისა და ამბოხებისკენ მოწოდებაა. რევოლუციის და მისი შემდგომი რეაქციის დროს აკაკიმ გამოაქვეყნა ახალგაზრდული პათოსით გამსჭვალული ლექსები. რუსეთ-იაპონიის ომში რუსეთის დამარცხებას მიუძღვნა ლექსი „გურული ნანინა“. მისი პოემებისა და მოთხრობებისთვის დამახასიათებელია პატრიოტული იდეოლოგია, ისტორიული მონუმენტურობა, წარსულის იდეალიზაცია და თანამედროვე ქართველობის კრიტიკა. ასეთებია „თორნიკე ერისთავი“, „პატარა კახი“, „მედეია“, „თამარ ცბიერი“, „ნათელა“. ორი პოემა მიუძღვნა აკაკიმ საქართველოს გაქრისტიანებას: „ანდრია პირველწოდებული“ და „წმინდა ნინო, ანუ ქრისტიანობის შემოღება საქართველოში“. ეს უკანასკნელი კვალდაკვალ მიჰყვება „წმინდა ნინოს ცხოვრების“ ტექსტს. ისტორიულ გმირებზე წერით ის ცდილობდა მკითხველში პატრიოტული გრძნობების გაღვივებას. „რუსეთუმე“, რომელიც „ცისკარში გამოქვეყნდა 1861-1863 წლებში აღწერს ზარმაც და გადაგვარებულ ახალი და ძელი თაობის წარმომადგენლებს. მოთხრობა „დავითი გვრიგვინი“ ხალხის წინამძღოლობაზეა. აკაკი წერეთლის მსოფლმხედველობის საუკეთესო ნიმუშად მიიჩნევა პოემა „გამზრდელი“ (1898), რომლითაც თავადაც ამაყობდა. ლექსებიდან ცნობილია ლექსი „სულიკო“, რომელიც პოპულარულ სიმღერად იქცა. ლიტერატურაში დავაა იმის შესახებ, თუ ვის ან რას გულისხმობს აკაკი ლექსში ნახსენებ საყვარელში. ყველაზე გავრცელებული ვერსიებია სამშობლო (ვასილ ბარნოვი), სატრფო (გრიგოლ რობაქიძე) და ღმერთი (აკაკი ბაქრაძე).
წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98_%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა