აკაკი გელოვანი
პროზა

თოვლის დედოფალი

მოდით, დავიწყოთ თხრობა! როდესაც ამ ამბავს ბოლომდე მოვყვებით, უფრო მეტი გვეცოდინება, ვიდრე ახლა ვიცით. იყო და არა იყო რა, იყო ერთი ავსული, ავზე ავი, ნამდვილი როკაპი. ერთხელ, კარგ ხასიათზე მყოფმა, უცნაური სარკე გააკეთა: მასში, ყველაფერი კარგი და მშვენიერი ცუდად და მახინჯად მოჩანდა, ხოლო ცუდი და მახინჯი, კიდევ უფრო საშინლად გამოიყურებოდა. ულამაზესი ბუნება მოხარშული ისპანახი გეგონებოდათ, უმშვენიერესი ადამიანები კი - უმახინჯესი არსებები: სარკეში ისინი თავდაყირა ჩანდნენ და მუცელი საერთოდ არა ჰქონდათ. სახე კი ისე მოღრეცოდათ, ვერც კი იცნობდით. თუ რომელიმე მათგანს წერტილის ოდენა ჭორფლი მაინც ჰქონდა, კარგად მეყოლეთ, მთელი ცხვირი და ტუჩები ჭორფლით დაეფარებოდათ, ხოლო თუ რაიმე კეთილი აზრი დაებადებოდათ, სარკეში ისე დამახინჯდებოდა, ავსული სიხარულისაგან სიცილით იგუდებოდა. ავსულის მოწაფეები - მას თავისი სკოლა ჰქონდა - ყველას ატყუებდნენ, რომ მოხდა სასწაული და სარკეში ყველაფერი ისე ჩანს, როგორც სინამდვილეშიაო. მთელ ქვეყანაში დაარბენინებდნენ სარკეს და ბოლოს ქვეყნიერების არცერთი კუთხე, არცერთი ადამიანი არ დარჩა, მასში თავისი თავი დამახინჯებული სახით არ ეხილა. ბოლოს ცაში ასვლა განიზრახეს. რაც უფრო მაღლა ადიოდნენ, სარკე მით უფრო მრუდდებოდა და ხელში ძლივსღა იჭერდნენ. აი, ისინი ღრუბლებსაც გასცდნენ, სარკე კიდევ უფრო გამრუდდა, აცახცახდა, ხელიდან გაუვარდათ, დედამიწაზე დაეცა და მილიარდ ნაწილებად დაიმსხვრა. ამის გამო კიდევ უფრო დიდი უბედურება დატრიალდა: ქვიშის მარცვლის ოდენა, ნამცეცა ნამსხვრევები მთელს დედამიწაზე გაიფანტა, ადამიანებს თვალებში უვარდებოდათ და შიგვე რჩებოდა. ამის გამო ადამიანები ყველაფერს უკუღმა აღიქვამდნენ და ყოველ მოვლენაში მხოლოდ ცუდს ხედავდნენ - ნამსხვრევებს ხომ სარკის თვისებები ჰქონდათ. ზოგიერთი ნამსხვრევი პირდაპირ გულში ხვდებოდა, რაც ყველაზე საშინელი რამ გახლდათ: ასეთი ადამიანების თბილი გული ყინულის ნატეხად იქცეოდა. დიდ ნამსხვრევებს ფანჯრის მინებად ხმარობდნენ, საიდანაც კეთილი მეგობრის დანახვა სასურველი არ იყო, რადგან ისინი ავებად და მახინჯებად ჩანდნენ. ზოგიერთ ნამსხვრევს სათვალის მინებად იყენებდნენ. ვაი მას, ვინც ამ სათვალეს გამოიყენებდა, რადგან მასში ყველაფერს შებრუნებით დაინახავდა. ავსულს ყველაფერი ეს ისე ართობდა, სიცილით იჭაჭებოდა. დედამიწაზე კი უამრავი ასეთი ნამსხვრევი ტრიალებდა და თავის მორიგ მსხვერპლს დაეძებდა. მოდით, მათ შესახებ მოვყვეთ! ამბავი მეორე პატარა გოგონა და ბიჭი ერთ დიდ ქალაქში, სადაც იმდენი სახლი იდგა, ისე ბევრი ხალხი ცხოვრობდა, რომ ზოგს ბაღის გასაშენებლად მიწის მცირე ნაკვეთიც არ გააჩნდა და ქოთანში მოთავსებული ოთახის ყვავილებით კმაყოფილდებოდა, ორი ღარიბი ბავშვი ცხოვრობდა. ისინი და-ძმანი არ იყვნენ, მაგრამ ერთმანეთი ისე უყვარდათ, როგორც ნამდვილ დას და ძმას. მათი მშობლები ერთმანეთის გვერდით მდებარე სახლების სხვენებში ცხოვრობდნენ, რომელთა სახურავები ერთიმეორეს თითქმის ეხებოდნენ და რომელთა შორის წყალსაწრეტი ღარი იყო გადებული. სხვენებს ფანჯრები სწორედ იმ მხარეს, ერთმანეთის პირდაპირ ჰქონდათ დატანებული. საკმარისი იყო წყალსაწრეტი ღარისთვის გადაგებიჯებინათ, რომ ერთი ფანჯრიდან უმალვე მეორე ფანჯარაში აღმოჩნდებოდით. ბავშვების მშობლებს ხის თითო დიდი ყუთი ჰქონდათ, სადაც მწვანილი ეთესათ და თითო ვარდის ბუჩქიც დაერგოთ, რომლებიც დიდებულად გაფურჩქნულიყვნენ. ყუთები რატომღაც ღარის გარდი-გარდმო ეწყო და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ყვავილების ორი მწკრივი ერთი ფარჯრიდან მეორესკენ მიემართებოდა. ცერცვის ყვავილწნულები ყუთებიდან გადმოკიდებულიყვნენ. ვარდის ბუჩქების რტოები ერთმანეთში ჩაწნულიყვნენ და ფანჯრებში იჭყიტებოდნენ. მშობლები ბავშვებს ნებას რთავდნენ, სახურავიდან ერთმანეთს სტუმრებოდნენ და ვარდის ბუჩქის ქვეშ, სკამებზე მსხდარიყვნენ, სადაც შესანიშნავად ერთობოდნენ. ზამთარში ასეთ სიხარულს ისინი მოკლებული იყვნენ. ფანჯრები ხშირად მთლიანად იყინებოდა და გარეთ აღარაფერი ჩანდა. მაგრამ ბავშვები გამოსავალს მაინც პოულობდნენ: ღუმელზე სპილენძის მონეტას გაახურებდნენ და გაყინულ ფანჯარას მიადებდნენ. იმ ადგილას ყინული ლღვებოდა და მშვენიერი, მრგვალი საჭვრეტიც მზად იყო. სწორედ ამ საჭვრეტიდან უმზერდნენ ერთმანეთს ალერსიანად გოგო და ბიჭი - გერდა და კაი. ზაფხულში ისინი ერთს ისკუპებდნენ და ერთმანეთს ესტუმრებოდნენ ხოლმე, ზამთარში კი ქვემოთ, კიბის მრავალი საფეხური უნდა ჩაერბინათ და შემდეგ ამდენივე აერბინათ. ეზოში თოვლის ფანტელები ცვიოდა და ბარაქიანად ბარდნიდა. - ეს თეთრი ფუტკრები ირევიან, - ამბობდა მოხუცი ბებია. - მათაც ჰყავთ დედოფალი? - ეკითხებოდა ბიჭი. მან იცოდა, რომ ნამდვილ ფუტკრებს დედოფალი ჰყავდათ. - დიახ, ჰყავთ! - პასუხობდა ბებია. - ფანტელები გარშემო მას მჭიდრო გუნდად ერტყმიან, მაგრამ იგი ყველაზე დიდია და მიწაზე არასოდეს ჯდება, მუდმივად შავ ღრუბლებში დაფრინავს. ხშირად, ღამით ქალაქის ქუჩებშიც ჩაიქროლებს ხოლმე და ფანჯრებში იჭყიტება. სწორედ ამის გამო იყინება ფანჯრის მინა და ზედ ყინულის ასეთი, ყვავილივით ლამაზი, ნაქარგები ჩნდება.
1 / 13
წყარო: https://www.aura.ge/103-saskolo/11451-hans-qristian-anderseni--tovlis-dedofali.html

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა